მოპირკეთება

მოპირკეთება

კონტეინერის შიდა კედლების მოპირკეთებისთვის ვიყენებთ უმაღლესი ხარიხის ავეჯის ფანერას. ფანერის გამოყენება ინტერიერის მოპირკეთებაში გვეხმარება როგორც ვიზუალურად დახვეწილი, ასევე ტექნიკურად გამართული პროდუქტის შექმნაში. რუმბოქსის მიზანია დამზადების შემდგომ თითოეული მოდული სრულად მობილური იყოს, ამ შედეგის მიღწევა კი გიფსოკარდონით ან მსგავსი მასალით შეუძლებელია, რადგან ტრანსპორტირების დროს მოდული განიცდის ვიბრაციას და იქმნება კედლების დაბზარვის საფრთხე. კედლებზე დამაგრებულ ფანერებს შორის დატოვებულია რამდენიმე მილიმეტრიანი დაშორება, რაც მის ტრანსპორტირებას უპრობლემოს ხდის.

ფანერის მონტაჟის შემდეგ, მას ორ ფენად ვფარავთ წყლის ფუძეზე დამზადებული ლაქით. შუალედში კი გულდასმით ვამუშავებთ წმინდა ზუმფარით, ტაქტილურად სასიამოვნო ზედაპირის მისაღწევად.

ფანერის კედლების ერთგვაროვანი ზედაპირი,  ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი ტექნიკური და პრაქტიკული მახასიათებლების გარდა, გამოირჩევა ვიზუალური ესთეტიკურობით, რაც წარმოადგენს საუკეთესო ფონს სხვადასხვა დეკორის განსათავსებლად.

რუმბოქსის იატაკისთვის გამოყენებული ვინილის ფილები, ისეთი  მახასიათებლებით, როგორებიცაა გამძლეობა, ეკოლოგიურობა და პრაქტიკულობა, არა თუ ჩამორჩება, არამედ აღემატება ანალოგებს (მაგ.: ლამინატს).

ვთვლით, რომ აბაზანა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია სახლში, ხოლო კარგად დაპროექტებული და სწორად მოპირკეთებული აბაზანა მაქსიმალურ კომფორტს ნიშნავს. გამომდინარე აქედან, მიუხედავად ადგილის სიმწირისა, აბაზანა ჩვენს მოდულებში საკმაოდ დიდ სივრცეს იკავებს.  რუმბოქსის საშხაპის იატაკი და კედლები მოპირკეთებულია ალუმინის პროფილირებული ფილებით, რომელიც, თავისი მხრივ, ტაკტილურად სასიამოვნო, ხოლო კერამოგრანტის ფილებზე არანაკლებ პრაქტიკულია.